თბილისი (GBC) - ოსლოში სამშვიდობო ინიციატივების განხილვის მიზნით მაღალი დონის შეხვედრა იმართება, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, აგრეთვე ნორვეგიისა და ფინეთის ლიდერები მონაწილეობენ. შეხვედრას ასევე ესწრებიან დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ევროკავშირისა და NATO-ს ოფიციალური პირები.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ოსლოს მოლაპარაკებების მთავარი მიზანია უკრაინამ, ევროპელმა მოკავშირეებმა და აშშ-მა შეიმუშაონ ერთობლივი სამშვიდობო წინადადება, რომელიც შემდგომში რუსეთს წარედგინება.

მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორესი, „E4“ ჯგუფის (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) წარმომადგენლები და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი. დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი დისკუსიაში დისტანციურად ჩაერთვება. გავრცელებული ცნობებით, მას გრიპი აქვს.

აშშ-ის ანონიმური წარმომადგენლის განცხადებით, ოსლოს შეხვედრის შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი რუსეთში გამგზავრებას გეგმავს, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრასა და უკრაინასთან და ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავებული იდეების წარდგენას იმედოვნებს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა დაავალა ინტენსიური მუშაობის ჩატარება უკრაინასთან და ევროპასთან ერთობლივი სამშვიდობო წინადადების შესამუშავებლად. შემდეგი ნაბიჯია შემოწმდეს, შეიძლება თუ არა ეს სამუშაო გახდეს რუსეთთან სერიოზული მოლაპარაკებების საფუძველი“, - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

მისივე ცნობით, გასულ კვირას აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობდნენ ამ წინადადებებზე, ხოლო კვირას ვიტკოფმა და კუშნერმა პრეზიდენტ ზელენსკისთან დამატებითი კონსულტაციები გამართეს.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ძალისხმევის გაწევა ამერიკელი პენსიონერი მასწავლებლის, სტივენ გაბარდის გასათავისუფლებლად, რომელიც, ვაშინგტონის განცხადებით, რუსეთში უკანონოდ იმყოფება პატიმრობაში.

სტივ ვიტკოფი ნორვეგიაში უკვე ჩავიდა.