თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპული ქვეყნები უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების 4-პუნქტიან გეგმას განიხილავენ, რომელიც ტერიტორიულ კომპრომისებს, უსაფრთხოების გარანტიებსა და ეკონომიკურ შეთანხმებებს ითვალისწინებს. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post მოლაპარაკებების მიმდინარეობაში ჩახედულ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, დიპლომატიური ინიციატივის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, 9 ოქტომბერს მაიამიში მოაწყვეს შეხვედრა უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენელთა მონაწილეობით. შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს მოუწოდეს, შეაჩეროს შეტევები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.

როგორც The Washington Post წერს, სამშვიდობო პაკეტი ოთხ ძირითად კომპონენტს მოიცავს:

  • უკრაინის აღდგენა: მსოფლიო ბანკი და საინვესტიციო კომპანია BlackRock გეგმავენ ფინანსური მექანიზმის შექმნას ომით დაზარალებული რეგიონების აღსადგენად და ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის. კიევს უკვე სთხოვეს ხარჯების დეტალური შეფასებისა და ანტიკორუფციული გარანტიების წარდგენა.
  • უსაფრთხოების გარანტიები: უკრაინა აშშ-ისა და ევროპული ქვეყნებისგან მიიღებს სამხედრო ჩარევის ვალდებულებას რუსეთის მხრიდან ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში, რაც ნატოს მე-5 მუხლის ექვივალენტური იქნება. პარალელურად, იგეგმება შეთანხმება, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებსაც გაითვალისწინებს.
  • ეკონომიკური და ენერგეტიკული ინტეგრაცია: იგეგმება რუსეთის, უკრაინისა და ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია ენერგეტიკული შეთანხმების მეშვეობით. ერთ-ერთი ვარიანტია მილსადენი, რომლითაც რუსული ნავთობი და გაზი ევროპას მიეწოდება, ხოლო შემოსავალი რუსეთსა და უკრაინას შორის გაინაწილება. შეთანხმება ასევე განსაზღვრავს რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ეტაპებს.
  • ტერიტორიული კომპრომისი: გეგმის მიხედვით, ცეცხლი უნდა შეწყდეს არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ, რაც ორივე მხარისთვის არასასურველი კომპრომისია, რუსეთს უარის თქმა მოუწევს მთელი უკრაინის დაპყრობაზე, ხოლო უკრაინას მოუწევს დროებით შეეგუოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლს.

ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, ინიციატივის მთავარი გზავნილი მოსკოვისადმი არის არა მხოლოდ ომის შეწყვეტა, არამედ ევროპასთან ეკონომიკური და უსაფრთხოების ისეთი შეთანხმების დადება, რაც რეგიონში ხანგრძლივ სტაბილურობას უზრუნველყოფს.