თბილისი (GBC) - აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის მიერ განახლებულ დარტყმებს „სირცხვილი“ უწოდა და ვოლოდიმირ ზელენსკი ენერგოობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლის გამო კვლავ გააკრიტიკა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian იუწყება.

ტელეკომპანია Newsmax-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ დიზელის ქარხნებზე იერიშებით უკრაინა ნავთობის გლობალურ ფასებს ზრდის და „მსოფლიოს კარგ სამსახურს არ უწევს“. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იგი ზელენსკის „დიდი ფანი არ არის“ და მასთან ურთიერთობა უფრო რთულია, ვიდრე ვლადიმერ პუტინთან.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვაშინგტონმა მოსკოვს სანქციები შეუმსუბუქა გლობალურ ბაზარზე დიზელის მიწოდების სანაცვლოდ, ხოლო უკრაინაში Starlink-ის სერვისები შეიზღუდა. ზელენსკიმ შეთანხმება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს რუსეთს აგრესიის გაგრძელების საშუალებას აძლევს.

ვაშინგტონთან დაძაბულობის ფონზე, ევროპელმა ლიდერებმა კიევს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა არ დაიცვა, რის გამოც ევროკავშირი სანქციების 22-ე პაკეტს ამზადებს და ზეწოლას არ შეასუსტებს, სანამ მოსკოვი ომს არ შეწყვეტს.