თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ქალისა და კაცის შესწორებულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 13.3% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ყოველთვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 20.4%-ია. გასულ წელთან შედარებით ქალისა და კაცის შესწორებული საათობრივი სახელფასო სხვაობა 1.8 პ.პ.-ით არის გაზრდილი, ხოლო ყოველთვიური შესწორებული სახელფასო სხვაობა - 1.1 პ.პ.-ით.

2025 წელს მრეწველობის სფეროში ქალისა და კაცის შესწორებულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 20.1% შეადგინა, ხოლო მომსახურების სფეროში - 10.9%.

დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, ქალისა და კაცის შესწორებული საათობრივი სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალი დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორებისა და ამწყობების პოზიციაზე დაფიქსირდა და 30.2% შეადგინა, მეორე ადგილზეა ტექნიკოსებისა და დამხმარე სპეციალისტების პოზიცია (23.5%).