თბილისი (GBC) - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი (NATO) თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს განათავსებს. გადაწყვეტილება თურქეთის მიმართულებით ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების ფონზე მიიღეს, ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების განმარტებით, საჰაერო თავდაცვის სისტემები მალათიის პროვინციაში განლაგდება. სწორედ ამ რეგიონში მდებარეობს NATO-ს ქურეჯიქის სარადარო ბაზა.

„ეროვნულ დონეზე მიღებული ზომების გარდა, NATO-ს მიერ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის მექანიზმები კიდევ უფრო ძლიერდება“, - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

უსაფრთხოების ზომების გამკაცრება მოჰყვა ინციდენტს, როდესაც ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ალიანსის თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომხდარს გამოეხმაურა და ირანულ მხარეს „პროვოკაციული ნაბიჯებისგან“ თავშეკავებისკენ მოუწოდა.