თბილისი (GBC) - „ნაფტოგაზ უკრაინის“ გამგეობის თავმჯდომარემ, სერჰი კორეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ ევროკავშირის ელჩის მოადგილეს უკრაინაში ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღდგენის გეგმა გააცნო. ამის შესახებ კორეცკი სოციალურ ქსელში წერს, რომლის კომენტარსაც უკრაინული მედია ავრცელებს.

კორეცკის თქმით, ჯგუფი „ნაფტოგაზი“ აფასებს ევროკავშირის წინადადებას ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ბროდის სატუმბი სადგურის ინფრასტრუქტურული აქტივების აღდგენას საუკეთესო ევროპული საინჟინრო და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, ასევე განმეორებითი ტერორისტული თავდასხმებისადმი წინააღმდეგობის გაწევას.

„ევროკავშირის ელჩის მოადგილე გედიმინას ნავიცკასთან ერთად შევხვდით ტექნიკურ სამუშაო ჯგუფს. „უკრტრანსნაფტას“ ხელმძღვანელობასთან ერთად პარტნიორებს დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია ნავთობსადენ „დრუჟბას“ ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმის შედეგების შესახებ“, – წერს კორეცკი და იქვე დასძენს, რომ ევროკავშირის წარმომადგენელს ასევე წარედგინა აღდგენის სისტემური გეგმა. მხარეებმა ერთობლივად დასახეს შემდგომი ნაბიჯები.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ მიიღო ევროკავშირის წინადადება ფინანსური რესურსებისა და ექსპერტული მხარდაჭერის მოზიდვის შესახებ, რათა ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობის მიწოდება აღუდგეს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებისადმი გაგზავნილ წერილში მათ დაჰპირდა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ტრანზიტს დაახლოებით თვე-ნახევარში აღადგენს.