თბილისი (GBC) - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული 154 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შესაძენად 58.2 მილიონი ლარის ტენდერი, რომელშიც „ჯი-თი გრუპ“ ერთადერთი კანდიდატია, შერჩევა–შეფასების ეტაპზეა. სატენდერო წინადადებების მიღება 11 მაისს დასრულდა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ერთი ავტობუსის ღირებულება განსაზღვრულია 378.2 ათასი ლარით.

ავტობუსების სპეციფიკაცია შემდეგია:

ა) უნდა იყოს, ერთი და იმავე ბრენდის და მოდელის;
ბ) მწვანე ფერის;
გ) არაუადრეს 2023 წლის გამოშვების;
დ) მარცხენა საჭიანი;
ე) ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი;
ვ) მიწოდებისას გარბენი არაუმეტეს 6000 კმ;
ზ) ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო;
თ) განბაჟებული.

შემოთავაზებული ავტობუსები უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.

პრეტენდენტს 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ჰქონდეს მინიმუმ 200 ერთეული ავტობუსის მიწოდების გამოცდილება.

შეგახსენებთ, „ჯი-თი გრუპ“ სულ რამდენიმე დღის წინ დაწინაურდა „თბილსერვის ჯგუფის“ 10 მილიონიან ტენდერში, რომელიც მიწისქვეშა ნაგვის ბუნკერების შესყიდვას ეხებოდა.

ასევე, „ჯი-თი გრუმპა“ გასულ თვეში „თეგეტას“ სწორედ „თბილსერვის ჯგუფის“ 3.4 მილიონ ლარიანი ტენდერი მოუგო, რომელიც თბილსერვის ჯგუფის ბალანსზე არსებული სპეც მანქანების (ფორდი და ივეკო) სათადარიგო ნაწილების შესყიდვას ითვალისწინებდა.

„ჯი-თი გრუპ“ დაარსებულია 2005 წელს. ტენდერების მონიტორის ინფორმაციით მას 171 ტენდერში აქვს გამარჯვება მოპოვებული. მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება კი 187.7 მლნ ლარია.

კომპანია ფლობს რამდენიმე შვილობილ კომპანიას:

1. GT- Motors ltd - მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და სერვისი;

2. Kolkhi Group ltd - სამშენებლო მასალების იმპორტი;

3. Europroduct ltd - საკვები პროდუქტების იმპორტი და სუპერმარკეტების ქსელი (50% წილი);

4. GT Enologica - ღვინის დანადგარების იმპორტი (51% წილი).

კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:

გიორგი თავდიშვილი 33%;

გიორგი გველესიანი 34%;

თემურ უსტიაშვილი 33%.