თბილისი (GBC) - კომპანია „ბარამბოს“ კომერციულმა დირექტორმა ჯანო კუციამ, ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ადგილობრივი წარმოების გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართული პროდუქცია ხარისხით ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა მაღალი თვითღირებულების გამო იმპორტთან კონკურენციაში საწყის ეტაპზევე აგებს.

ჯანო კუციამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მეზობელი ქვეყნები, მათ შორის რუსეთი და თურქეთი, საკუთარ ექსპორტიორებს მნიშვნელოვან შეღავათებს და „ქეშბექებს“ სთავაზობენ. ეს კი იმპორტირებულ საქონელს ქართულზე ბევრად იაფს ხდის, მაშინ როცა ადგილობრივი მწარმოებლები ნედლეულზე დიდწილად იმპორტზევე არიან დამოკიდებულნი.

„ხშირად იმპორტიორი უკეთეს პირობებს გვთავაზობს. მაგალითად, აქ წარმოებული ტელეფონი რომ 100 ლარი ღირს, იმპორტირებული რატომ ღირს 50 ლარი? აი, ესაა ამბავი. საზღვარზევე ვართ წაგებულები“, - განაცხადა კუციამ.

მისივე განმარტებით, ქართულ კომპანიებს გლობალურ მეგაბრენდებთან არათანაბარ პირობებში უწევთ ბრძოლა. იმ დროს, როდესაც საერთაშორისო გიგანტებისთვის საქართველო ბრუნვის მინიმალური წილია, ადგილობრივი მწარმოებლისთვის ეს მთავარი ბაზარია, სადაც მათ უცხოური კომპანიების მძლავრ მარკეტინგულ ბიუჯეტებთან დაპირისპირება უწევთ.

პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრები: კვერცხის, რძის, ხორცპროდუქტებისა და სხვა სექტორების წარმომადგენლებთან. საკითხის შესწავლაში ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. კომისიამ მუშაობა, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესახებ საბოლოო დასკვნები გახდება ცნობილი.