თბილისი (GBC) – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2025 წლის ექვს თვეში  34 მოვაჭრე - 68 საქმეზე დაჯარიმდა, ჯამში - 29 018 ლარის ოდენობით.

საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ - თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

კერძოდ, GCCA-ის მიერ წარმოებული მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები  არ შესრულდა. შესაბამისად, „ინფინიტი ენერჯი ს კ",  „სნიკერ სტუდიო", „გეო ვორლდ შოპინგი", „იქომერს.ჯორჯია 2023", „კარგო ჯორჯია", „ქეი.ენ.ჯი ველნესი", „გლას სტუდიო 1", „დილსი", „სამი" და სხვა მოვაჭრეები დაჯარიმდნენ.

GCCA-ის განმარტებით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს  სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება იწყებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს  ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.