თბილისი (GBC) - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) 388 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 990 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 92%-ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 51 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 89 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 24 მოვაჭრეს - 44 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 47 925 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 37 საქმეზე - 30 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 35% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 75% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6%, იმერეთი 5%, ქვემო ქართლი 3%, კახეთი 3%, სამეგრელო ზემო-სვანეთი 2% და სხვ.

მიმდინარე წლის 2 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 122 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 104, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 93, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 21, ხოლო სხვა დანარჩენზე - 48. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 65%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 13%, განთავსება და საკვების მიწოდება 3%, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 2%, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 17%.