თბილისი (GBC) – ვირტუალური ზონის პირთა (ვზპ) ასოციაციაში, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე IT კომპანიებს წარმოადგენს, 2023 წელს გაწეულ საქმიანობას თავის ანგარიშში საკმაოდ ნაყოფიერად აფასებენ. ასოციაციაში ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს მათი როლი და პასუხისმგებლობა ინფორმაციული ტექნოლოგიების საქმიანობის რეგულირებაში საკმაოდ დიდი იყო. 

ასოციაციამ 2023–შიც გაზარდა თავისი პარტნიორების, თანამოაზრეებისა და მხარდამჭერების რაოდენობა. ასოციაციის წევრია ათობით ქართული და საერთაშორისო კომპანია.

შორენა კოპალეიშვილი, ვზპ ასოციაციის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში თავისი საქმიანობის სტრატეგიაზე და მიმართულებებზე ამახვილებს ყურადღებას.

„IT კომპანიებისთვის ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, გამჭვირვალე რეგულირების და კანონმდებლობის დახვეწის ხელშეწყობა ასოციაციის უცვლელი პრიორიტეტებია. ჩვენი საქმიანობები დივერსიფიცირებულია მონიტორინგის, ანალიზის, ცნობიერების ამაღლების, ბიზნესის მხარდაჭერის, კანონშემოქმედებითი და სხვა მრავალი მიმართულებით“, – აცხადებს შორენა კოპალეიშვილი.

ვზპ–ების კონტრიბუცია ბიუჯეტში

ვზპ სტატუსის მქონე კომპანიების მიერ ბიუჯეტში გადასახდელების ბოლო 5 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ზრდის დინამიკა თვალსაჩინოა. მაგალითად, თუ 2019 წელს მათ ჯამში 46 მლნ ლარის გადასახდელი გადაიხადეს, 2023 წლის მხოლოდ პირველ თვეში მათმა შენატანებმა ხაზინაში 61 მლნ ლარს გადააჭარბა. იყო გადასახდელების ოდნავ შემცირება პანდემიურ 2020–ში, როდესაც მათი გადასახდელების მოცულობა 43,8 მლნ ლარით განისაზღვრა. სამაგიეროდ, მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა 2021–ში. ამ წელს კომპანიებმა 67,3 მლნ ლარი გადაიხადეს სახელმწიფო ბიუჯეტში, 2022–ში კი ამ მაჩვენებელმა 74 მლნ ლარს მიაღწია.

გადასახადების გარდა, ასეთი კომპანიების წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანია ახალი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნით.

ხელისუფლებასთან ურთიერთობები კანონმდებლობის დასახვეწად

ამ სექტორის მნიშვნელოვანი ზრდა–განვითარების მიუხედავად, არსებობს რიგი ფაქტორებისა, რომლებიც მათ საქმიანობას აფერხებს, ხელს უშლის და არ აძლევს უფრო სწრაფი წინსვლის შესაძლებლობას. ამას ასოციაციაში უმთავრესად ბუნდოვანებით მოცულ კანონმდებლობას ასახელებენ, რომელიც საგადასახადო ოფიცრებს ინტერპრეტირების შესაძლებლობას აძლევს. ამის გამო, დღიდან დაარსებისა, ვზპ ასოციაცია პრინციპულად აყენებს მოთხოვნებს ამ სტატუსის მქონე კომპანიების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დაზუსტების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ამ სამუშაოების ბოლომდე მიყვანის გარეშე კი ამ მნიშვნელოვანი კომპანიებისთვის საქართველოს ბაზრიდან საერთოდ გასვლის წინაპირობები იქმნება. შესაბამისად, საანგარიშო წელი ამ მიმართულებით ნაყოფიერად მიაჩნიათ ასოციაციაში.

კანონმდებლობის დასახვეწად რომ მხოლოდ ასოციაციის სურვილი არ კმარა, ცხადია. შესაბამისად, სათანადო მომზადების, საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირების პარალელურად ასოციაციის თავმჯდომარემ მხოლოდ 2023–ში არაერთი თემატური შეხვედრა გამართა როგორც პარლამენტის შესაბამის კომიტეტში, ისე ფინანსთა სამინისტროში.

„ასოციაციამ პარლამენტს წარუდგინა Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორის, ცნობილი საგადასახადო ექსპერტის დავით პაპიაშვილის ავტორობით შესრულებული საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს დაბეგვრის და სხვა მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწას“, – ამბობს შორენა კოპალეიშვილი.

კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამო ვზპ სტატუსის კომპანიებსა და მთავრობას შორის არაერთი სასამართლო დავაც მიმდინარეობს. სწორედ ამ დავების და დაბეგვრის პოლიტიკის საკითხებზე ასოციაციის თავმჯდომარემ სამუშაო შეხვედრები გამართა წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და სხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილთან ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველოს ვირტუალური ზონის პირების მარეგულირებელი კანონმდებლობის და ამ სტატუსის სამომავლო პერსპექტივები.

შორენა კოპალეიშვილი აღნიშნულ შეხვედრებზე პრინციპულ პოზიციას იკავებდა შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ მეთოდურ მითითებებთან მიმართებითაც. ასოციაციაში ადრეც ამბობდნენ, რომ პირველ და მეორე მეთოდურ მითითებასთან დაკავშირებით დასაბუთებულ კითხვებს და კომენტარებს მუდმივ რეჟიმში აწვდიდნენ შემოსავლების სამსახურს, უზიარებდნენ ამ მიმართულებით ბიზნესის გამოცდილებებს. სექტორის მიერ დასაბუთებული წინადადებების მთავრობის წარმომადგენლებისთვის მიწოდებამ შედეგი გამოიღო და მესამე მეთოდური მითითების გამოცემის შემდეგ კომპანიების უმრავლესობას დარიცხული გადასახადები, ჯარიმები და საურავები გაუუქმდათ, მნ მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. ასოციაციის თავმჯდომარის შორენა კოპალეიშვილის თქმით, თითქმის ყველა წევრი კომპანია გათავისუფლდა დარიცხული ჯარიმებისგან.

„მხოლოდ რამდენიმე შემთხვევას გაგიზიარებთ: კომპანიას „E“ 317 159 ლარი მოეხსნა სრულად, კომპანიას „D“ 29 947,5 ლარი მოეხსნა სრულად, კომპანია „N“ 134 677 ლარიდან გადახდას დაექვემდებარა მხოლოდ 13 056 ლარი. ჩვენი ასოციაციის გუნდი ძალიან ვამაყობთ ამ შედეგით!“, – აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე.

ასოციაციის პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე

საქართველოს ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) ვზპ ასოციაციას აქტიურად უჭერს მხარს და სხვადასხვა მიმართულებებითაც თანამშრომლობენ. ამ ორმა ასოციაციამ სწორედ ერთობლივად შეძლეს ინდუსტრიის წინაშე არსებული გამოწვევების ნაწილობრივი გადაჭრა.

გარდა ამისა, ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის (EECP) წევრიც გახდა.

შორენა კოპალეიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ორივე ასოციაცია კვლავ რჩება დასავლური ფასეულობების ერთგული და მხარს უჭერს ბიზნესის კეთებას ევროპული სტანდარტებით.

ასოციაციის თავმჯდომარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო ქსელის Kreston Global-ის საქართველოში წარმომადგენლობის მნიშვნელობას და როლს. Kreston Georgia–ს შორენა კოპალეიშვილი ვზპ ასოციაციის სანდო პარტნიორად მოიხსენიებს და ამბობს, რომ აქტიურად მუშაობენ საგადასახადო და საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაზე. 2023 წელს სწორედ Kreston Georgia–სთან პარტნიორობით გაიმართა საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია, რომელიც პარტნიორი კომპანიების წინაშე მდგარ გამოწვევებს, პრობლემურ საკითხებს, საგადასახადო და სამართლებრივი სირთულეების განხილვას მიეძღვნა.

ასოციაციაში განსაკუთრებით აფასებენ ყველა სხვა პარტნიორ მხარდამჭერს.

ასოციაცია მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობით გამართულ ყველა ღონისძიებაში. მათ შორის, შეხვედრა გამართეს ევროკავშირის წარმომადგენელთან სანქციების საკითხებში დევიდ ოსალივანთან.

რა იქნება ხვალ?

შორენა კოპალეიშვილის თქმით, ასოციაციას მომავალ 2024 წელს დღის წესრიგი მნიშვნელოვნად არ შეეცვლება, ვინაიდან აქამდე დაწყებული მუშაობა ყველა მიმართულებით აქტუალურობას ჯერ კიდევ არ კარგავს.

მისი თქმით, ასოციაცია გააგრძელებს თანამშრომლობას ნებისმიერ დაინტერესებულ სახელმწიფო, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო სექტორსა და მედიასთან ვზპ კომპანიების ინტერესების გათვალისწინებით.

ასევე, ასოციაცია გააგრძელებს ყველა დაინტერესებული მხარის ინფორმირებას მიმდინარე საგადასახადო, სამართლებრივი, ეკონომიკური თუ სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.

შორენა კოპალეიშვილის თქმით, ასოციაცია თავის საქმიანობას კვლავაც ღიაობის და გამჭვირვალობის სტანდარტების დაცვით გააგრძელებს.

მისივე თქმით, კვლავაც შეიტანენ თავის წვლილს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში პარტნიორ ორგანიზაციებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით კომპანიების მხარდაჭერით და არ დაიშურებენ პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და ძალისხმევას დასახული მიზნების მისაღწევად.