თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტი ბათუმის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე განახლებას აქვეყნებს და წერს, ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მოთხოვნამ ზრდა 2025 წლის მეორე კვარტალშიც გააგრძელა - გაყიდვები გაიზარდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე, წლიურად 13.1%-ით და 23.4%-ით, შესაბამისად. 

აღნიშნული ზრდა ნაწილობრივ ასახავს გასული წლის დაბალი ბაზის ეფექტს. ორივე ბაზარზე ზრდა განაგრძო ფასებმაც და პირველად ბაზარზე წინა კვარტალთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ქირის ფასი 2025 წლის ივნისში, წლიურად 1.6%-ით გაიზარდა და შესაბამისად ქირის შემოსავლიანობა სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნდა.

უძრავი ქონების გაყიდვები

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში ბათუმში 4,018 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 9.5%-ით მეტია, აქედან:

  • მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, 23.4%-ით გაიზარდა.
  • პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 0.5%-ით შემცირდა.

გალტ & თაგარტის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) შედეგებიც მეორადი ბაზრის მსგავსად ზრდას აჩვენებს. გამოკითხვის მიხედვით, 2025 წლის მეორე კვარტალში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 13.1%-ით გაიზარდა. ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა 37.4%-ით გაიზარდა.

ფასები

2025 წლის ივნისში, პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა 1,427 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა კვარტლის ფასთან შედარებით 2.7%-ითაა გაზრდილი. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) საშუალო ფასი 2025 წელს ივნისში კვარტალურად 0.7%-ით, ხოლო  წლიურად 11.5%-ით გაიზარდა და 1,307 აშშ დოლარი შეადგინა.

ქირა

2025 წლის ივნისში, ბათუმში საშუალო ფართობის ბინის (50-60 კვ.მ.) ქირის ფასი წლიურად 1.6%-ით გაიზარდა და კვ.მ.-ზე 11.9 აშშ დოლარი შეადგინა.