თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მენეჯერების პოზიციაზე დაფიქსირდა და 3 609 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე - 1 132 ლარი.
სქესის მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე (ძირითად ჯგუფში) აღემატება ქალების ხელფასს. მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი 2 713 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების ხელფასი - 4 312 ლარით.
2025 წელს დამსაქმებლების საშუალო წლიური დანახარჯები ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 26 671 ლარს შეადგენდა, საიდანაც 97.4% შრომის ანაზღაურება იყო, ხოლო 2.6% - სხვა დანახარჯები (სოციალური უზრუნველყოფა, კადრების მომზადება და გადამზადება, კულტურულ-საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი და სხვა ღონისძიებები).
საქმიანობის სახეების მიხედვით, საშუალო წლიური დანახარჯები ერთ დაქირავებით დასაქმებულზე ყველაზე მაღალი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში იყო და 51 494 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი - სხვა სახის მომსახურების სფეროში და 14 537 ლარი შეადგინა.
სახელმწიფო სექტორში, არასახელმწიფო სექტორთან შედარებით სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური დანახარჯები 17.7%-ით ნაკლებია და შესაბამისად 23 329 და 28 353 ლარს შეადგენს.
