თბილისი (GBC) - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაზე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა, პარასკევს, ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ეკონომიკურ მიღწევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის დინამიკა თანამშრომლობის გაღრმავებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე მხარეები მუდმივად უჭერენ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დადებით დინამიკას. კერძოდ, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ზე მეტით გაიზარდა და $1 მილიარდს მიაღწია, ხოლო აზერბაიჯანის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა დაახლოებით $4 მილიარდს შეადგენს.
ალი ასადოვის თქმით, ერთობლივი მეგაპროექტები, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანი და ევროპაში მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტი, რეგიონისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია. ტრანსპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით პრიორიტეტად რჩება შუა დერეფნის განვითარება. ამ კუთხით ასადოვმა განსაკუთრებით გამოყო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა და მისი გამტარუნარიანობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდა.
სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გამახვილდა კულტურულ და საგანმანათლებლო კავშირებზეც. აზერბაიჯანის პრემიერმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში იგეგმება ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ახალი შენობის მშენებლობის დაწყება. მან ასევე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
