თბილისი (GBC) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შუამდგომლობა მოსამართლეთა პლენუმის აცილების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სათათბირო ოთახიდან დაბრუნების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ გაახმოვანა.

პროცესზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა ნაწილმა პლენუმის სრული შემადგენლობის, ხოლო ნაწილმა რამდენიმე მოსამართლის აცილების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის განცხადებით, წარდგენილი სარჩელი მიმართულია არა მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების აკრძალვისკენ, არამედ საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების წინააღმდეგ. აცილების საკითხს არ დაეთანხმნენ მოსარჩელე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რის შემდეგაც სასამართლოს შემადგენლობა სათათბიროდ იყო გასული.

შუამდგომლობის უარყოფის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის, მათი აკრძალვისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სახელისუფლებო გუნდის სარჩელის არსებითი განხილვა ოფიციალურად დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 7 მოსამართლის შემადგენლობით იხილავს. არსებითი განხილვები 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს XI მოწვევის პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს. სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის საკითხი დგას:

  • „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“;
  • „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“;
  • „ფედერალისტური პარტია“;
  • პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

სარჩელის ავტორთა არგუმენტაცია და დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. მოსარჩელეთა განცხადებით, დასახელებული პოლიტიკური გაერთიანებები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას. სარჩელის ავტორთა მტკიცებით, აღნიშნული პარტიები წლების განმავლობაში მოქმედებდნენ საერთო კოალიციური ერთობით და აწარმოებდნენ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, მათ შორის საბოტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

სარჩელში კოალიციური ერთობის ერთ-ერთ ბოლოდროინდელ მაგალითად დასახელებულია 2026 წლის 2 მარტს „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნა „ერთობლივი მუშაობისთვის საერთო მიზნების მისაღწევად“. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ამ ალიანსის დეკლარირებული პრინციპია არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის უარყოფა. ასევე, მაგალითებად მოყვანილია ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შუამავლობით შექმნილი პლატფორმები და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ჩხოროწყუს, წალენჯიხის, რუსთავის, ზუგდიდისა და სენაკის საკრებულოებში „ენპ“-ისა და პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თანამშრომლობა.

ამასთან, სარჩელში აღნიშნულია, რომ თუმცა დასახელებულ სუბიექტებთან მჭიდროდ უკავშირდებიან სხვა მცირე თუ ფიქტიური პარტიები (მაგალითად: „ელენე ხოშტარია − დროა“, „კი ევროპას − სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „გირჩი − მეტი თავისუფლება“ და სხვა), ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება, რადგან მათ პოლიტიკაზე არსებითი გავლენა არ გააჩნიათ, თუმცა მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი შესაძლოა დღის წესრიგში მოგვიანებით დადგეს.

ადამიანის უფლებების დარღვევები და 2008 წლის აგვისტოს ომი

სარჩელის ვრცელი ნაწილი ეთმობა 2004-2012 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს. მოსარჩელეთა მტკიცებით, ამ პერიოდში შეიქმნა და განვითარდა პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემა. სარჩელში აღნიშნულია, რომ დაირღვა კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული ძირითადი უფლებები, მათ შორის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პირადი ცხოვრების დაცულობის, საკუთრებისა და მედიის თავისუფლების უფლებები.

გარდა ამისა, სარჩელში ყურადღება გამახვილებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებზე. დეპუტატების მტკიცებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში გეგმაზომიერად განახორციელა ქმედებები, რომლებმაც ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და საოკუპაციო ძალის პოლიტიკური პოზიციების გამყარებას.

მოსარჩელეები აცხადებენ, რომ 2019-2025 წლებში ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის ექვს უშუალო მცდელობას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, 88 დეპუტატის ხელმოწერილი სარჩელის ავტორები ითხოვენ ხუთივე დასახელებული პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობას, მათი საქმიანობის აკრძალვასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმებას.

საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება.