თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. ზურაბაშვილი პარალელურად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებასაც გააგრძელებს.

კობახიძის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან ერთად, პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.

„რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, გიორგი ზურაბაშვილთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ ის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობასაც შეინარჩუნებს.

„რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, რუსეთთან ურთიერთობებში ის ჩვენ წარმოგვადგენს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში“, – აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერის ინფორმაციით, გიორგი ზურაბაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორად და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობდა. 2024 წელს ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო 2025 წლის 1 ივლისიდან მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს.

კობახიძის შეფასებით, ზურაბაშვილის დიპლომატიური გამოცდილება მას დაკისრებული ამოცანების შესრულებაში დაეხმარება.