თბილისი (GBC) - ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი (NHC) სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა მმართველი პარტიის ინიციატივას საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ხუთი ოპოზიციური გაერთიანების აკრძალვის შესახებ და აღნიშნული ნაბიჯი მკაცრად დაგმო. 

უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, ოპოზიციური ხმების შეზღუდვა 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების, ფართომასშტაბიანი პროტესტის, რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკური პატიმრების რაოდენობის ზრდის ფონზე მიმდინარეობს, რაც ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ავტორიტარიზმისკენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას კონსტიტუციური წესრიგისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს, რასაც ოპოზიციური პარტიები სრულად უარყოფენ და პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი მოუწოდებს ევროპულ ქვეყნებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობას, მოითხოვონ მსგავსი ქმედებების შეჩერება და უზრუნველყონ, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასა თუ სამოქალაქო საზოგადოებას თავისუფლად, დაშინების შიშის გარეშე საქმიანობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.