თბილისი (GBC) - საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და ინდურ კომპანია Hindustan Silichine Private Limited-ს შორის პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება 20 ოქტომბერს გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის საინვესტიციო პაკეტის მოცულობა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით $50 მლნ-ს შეადგენს. ხოლო, ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტში $4.15 მლნ-ს გადაიხდის.
უწყების ცნობით, ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია არსებული ნავთობის საბადოების განვითარების მიმართულებით მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს, კერძოდ, დაგეგმილია 7 მოქმედი ჭაბურღილის დაღრმავება-გაბურღვა და 2 ახალი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით.
„ეს შეთანხმება წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსა და ინდოეთს შორის ეკონომიკური პარტნიორობისა და მეგობრობის განმტკიცების მიმართულებით. ის ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული რესურსების განვითარებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ნავთობის წარმოების სექტორში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, ენერგეტიკის დარგის კურატორმა ინგა ფხალაძემ.
მისი შეფასებით, აღნიშნული ხელმოწერით საფუძველი ეყრება ახალ ეტაპს, რომელიც გააძლიერებს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკის ზრდისა და რეგიონების განვითარებისთვის.
ცნობისთვის, წილობრივი განაწილების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა და კომპანია Hindustan Silichine Private Limited-ის დირექტორმა ხიტიშ კუმარ ნაიაკმა.
ნავთობის და ბუნებრივი გაზის მოპოვება-წარმოების ინდური ჰოლდინგი, Hindustan Silichine Private Limited ერთ-ერთ ძირითად აქტივს საქართველოში მანამდეც ფლობდა. კერძოდ, 2017 წელს უპეშ და გაურავ თაკარების მიერ დააარსებული Hindustan Silichine თავის ვებგვერდზე კუთვნილ ძირითად აქტივებს შორის ნავთობისა და გაზის დადგენილი რეზერვებიდან ინდოეთის გუჯარათში მდებარე სანანდ-მიროლსა და ანკლეშვარს, ასევე, საქართველოში არსებულ ნავთობისა და გაზის ბლოკ 7B-ს ასახელებს, რომელიც შავი ზღვის მახლობლად 1,175 კვ. კმ ფართობის საწარმოო ბლოკია.
Hindustan Silichine Private Limited მიზნად ისახავს, ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვება-წარმოების (E&P) წამყვანი კომპანია გახდეს.
ამასთან, 2024-2025 ფინანსური წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში კომპანიის ბრუნვამ $28.2 მლნ-ს მიაღწია, ხოლო მთელი ფისკალური წლისთვის პროგნოზირებული ბრუნვა $51.2 მლნ-ს შეადგენს.