თბილისი (GBC) - სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ინსპექტირების ჯგუფები სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ რძეს ამოწმებენ. კონტროლდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი), უფლებამოსილი პირები იღებენ რძის ნიმუშებს სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად.

გარდა სავაჭრო ობიექტებისა, ნედლი რძის ნიმუშების აღება (იმ ნედლეულის, რომლისგანაც იწარმოება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი) ხორციელდება რძის შემკრები პუნქტებიდან და გადამამუშავებელი საწარმოებიდან.

ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიურ რეჟიმში ავრცელებს.

რძე ლაბორატორიულად მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენების (ანტიბიოტიკების), აფლატოქსინ M1-ის, ბრუცელოზის, ტყვიის განსაზღვრა და სხვა.

კომპლექსური კონტროლის პარალელურად, სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების რისკი მაღალია.