თბილისი (GBC) – ენგურჰესის დაზიანებასთან დაკავშირებით ორშაბათს გავრცელებულ ინფორმაციას ენერგოობიექტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს და დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ღვარცოფმა ნამდვილად დააზიანა ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება კაშხალს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ 22 სექტემბერს, სამეგრელოსა და აფხაზეთში მოსულმა უხვმა ნალექმა და ღვარცოფმა გარკვეულწილად დააზიანა ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა. საუბარია ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არანაირ გავლენას არ ახდენს ელექტროენერგიის გამომუშავებაზე, საწარმოს ფუნქციონირებასა და მის საიმედოობაზე.

შესაბამისად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ენგურჰესი გამართულად და საიმედოდ მუშაობს, საწარმო ერთიან ქსელში ჩართულია და ელექტროენერგიის გამომუშავება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში“, – ნათქვამია ენგურჰესის განცხადებაში.