თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $18.54 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.1%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $5.15 მლრდ-ს შეადგენს (გაიზარდა 7.7%-ით), ხოლო იმპორტი $13.39 მლრდ-ს (გაიზარდა 9.7%-ით). საანგარიშო პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $8,24 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.4%-ია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2022-2025 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.
2025 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.7% შეადგინა.
უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
- ყირგიზეთი ($1.08 მლრდ)
- ყაზახეთი ($658.5 მლნ)
- რუსეთი ($543.1 მლნ)
2025 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.1% შეადგინა. პირველ სამეულში შედის:
- აშშ ($2 მლრდ)
- თურქეთი ($2.02 მლრდ)
- ჩინეთი ($1.43 მლრდ)
2025 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.5% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი ($2.26 მლრდ), აშშ ($2.12 მლრდ) და რუსეთი ($1.89 მლრდ).
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $2 მლრდ-ით, რაც მთელი ექსპორტის 38.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $276.2 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 5.4%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა $200.7 მლნ-ით (3.9%).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $2.8 მლრდ და მთელი იმპორტის 20.9% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $972.2 მლნ-ით (იმპორტის 7.3%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები $510.7 მლნ-ით (იმპორტის 3.8%).