თბილისი (GBC) - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებული პროექტის თანახმად, მონიტორინგის ფუნქციების გადაბარებასთან ერთად, იცვლება ინფორმაციის გამოთხოვისა და პირთა დაკითხვის წესიც. კერძოდ, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ფიზიკური პირი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური პარტიის, მისი წევრის, საარჩევნო სუბიექტის ან გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნების მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაცია, ვალდებულია გამოცხადდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

იმ შემთხვევაში, თუ პირი უწყებაში არ გამოცხადდება, პროექტი ითვალისწინებს მის დაკითხვას მაგისტრატი მოსამართლის მიერ. ცვლილებების მიზნად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ფინანსური მონიტორინგის პროცესის უფრო ეფექტიანი აღსრულება სახელდება.