თბილისი (GBC) - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ორშაბათს შეაჯამა და ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებს კონსტრუქციული და მეგობრული უწოდა. მისი განცხადებით, დისკუსიები როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტში, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და ომის დეპარტამენტში, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
სამხარაძის თქმით, მიღწეული შეთანხმებები საჭიროებს სამუშაო პროცესში გადაყვანას, რაც საბოლოო ჯამში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაჯანსაღებამდე და „გადატვირთვამდე“ მივა.
ამავდროულად, კომიტეტის თავმჯდომარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული ვიზიტი რეგულარული ხასიათისაა და მას არანაირი კავშირი არ აქვს „მოსკოვის მექანიზმთან“. სამხარაძის განმარტებით, ეუთოს პრეზიდენტის ჩამოსვლა ჯერ კიდევ გასულ წელს იგეგმებოდა და მისი მთავარი მიზანი უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაა.
დეპუტატის განცხადებით, შეხვედრის ძირითადი თემა სწორედ ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა იყო. რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ პროცესებს, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო 2024 წლის არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, თუმცა აქციებსა და ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები დღის წესრიგში საერთოდ არ დამდგარა. მისი თქმით, ნებისმიერი სხვაგვარი ინტერპრეტაცია ამ ვიზიტთან დაკავშირებით უსაფუძვლო სპეკულაციას წარმოადგენს.
ეუთოს 23-მა წევრმა სახელმწიფომ საქართველოსთან მიმართებით “მოსკოვის მექანიზმი” 29 იანვარს აამოქმედა, “რათა შეფასდეს საქართველოს მიერ ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებული ფოკუსით 2024 წლის შემოდგომიდან მოვლენებზე”.
ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ექსპერტთა მისიამ საქართველოში მუშაობა 11 თებერვალს დაიწყო.