თბილისი (GBC) – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი და ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ჰენა ვირკუნენი ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ცალკეული განცხადებებით გამოეხმაურნენ. ორივე მაღალჩინოსანი ხაზს უსვამს, რომ ეს ნაბიჯი თბილისის მიერ განხორციელებული რეპრესიების პირდაპირი შედეგია.
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა უკვე შეუჩერა საქართველოს დაფინანსება დემოკრატიული უკუსვლის გამო, ახლა კი ბრიუსელი ზღუდავს იმ პირების თავისუფალ გადაადგილებას, რომლებიც ქვეყანაში ჩაგვრასა და ძალადობას წარმოადგენენ.
„თუ მთავრობა თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება. ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში არ არის მათი ადგილი, ვინც რეპრესიებს წარმოადგენს“, - აღნიშნა კალასმა.
პარალელურად, ჰენა ვირკუნენმა განმარტა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არის პასუხი მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაზე. მისი თქმით, რეპრესიების ტალღა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ხელისუფლებამ 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება გამოაცხადა.
„ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მობილობის ხელშეწყობის გასაღებია. ისინი, ვინც არ იცავენ ფუნდამენტურ უფლებებს, არ უნდა სარგებლობდნენ ამ თავისუფლებით“, - განაცხადა ვირკუნენმა და დასძინა, რომ ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს ქართველ ხალხს.