თბილისი (GBC) - „ოპოზიციის ალიანსმა“ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი დიქტატურაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ რეჟიმი პატიმრობით სჯის იმ ხალხს, რომელიც ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროა.
ოპოზიციის განცხადებით, მმართველმა გუნდმა მესამე მოსმენით მიიღო მორიგი „რეპრესიული“ კანონი, რომელიც მოქალაქეებს რეჟიმის არალეგიტიმურად მიჩნევის გამო სისხლისსამართლებრივი დევნით ემუქრება.
ალიანსის მტკიცებით, მსგავს ნაბიჯებს მხოლოდ ის ხელისუფლება დგამს, რომელმაც იცის, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რადგან მან „უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და კონსტიტუციას“.
„დიქტატორი ივანიშვილი საკუთარი ლეგიტიმაციის არაღიარებისთვის პატიმრობით სჯის იმ ხალხს, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციის შეფასებით, „დრაკონული“ კანონები საზოგადოების სამართლიანი რეაქციის გასანეიტრალებლად გამოიყენება.
„ოპოზიციის ალიანსი“ ადასტურებს გამარჯვების შეთანხმებულ სტრატეგიას, რაც გულისხმობს რეჟიმის ლეგიტიმურობის არაღიარებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათი თქმით, რეჟიმს ყველაზე მეტად სწორედ „ხალხის არაღიარების ეშინია“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ასევე, განცხადების თანახმად, "ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, ქვეყანას ეყოლება დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება, რომელიც გააუქმებს ყველა რეპრესიულ კანონს".
2 მარტს, 9 ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციის ალიანსი" დააფუძნეს.
ახალ პოლიტიკურ ერთობაში გაერთიანდნენ:
- „ახალი“ (კოალიცია ცვლილებისთვის)
- „გირჩი - მეტი თავისუფლება“
- „დროა“
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
- „ევროპული საქართველო“
- „სტრატეგია აღმაშენებელი“
- „ფედერალისტები“
- „თავისუფლების მოედანი“
- „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“
- ალიანსის პრინციპები და „ქცევის კოდექსი“
ხელმომწერი სუბიექტები თანხმდებიან, რომ შეინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა იმოქმედებენ ერთიანი საპროტესტო და საკომუნიკაციო სტრატეგიით.