თბილისი (GBC) - აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასატო კანდამ, საქართველოს რეფორმების შედეგებსა და მაკროეკონომიკურ მართვას „საუკეთესო დაზღვევა" უწოდა გარე შოკების წინააღმდეგ. აღნიშნული განცხადება კანდამ X-ზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა.
ADB-ის პრეზიდენტის შეფასებით, მხარეებს შორის გამართული შეხვედრა იყო „ძალიან ნაყოფიერი“, სადაც ხაზი გაესვა ბანკსა და ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას. მასატო კანდამ აღნიშნა, რომ 2007 წელს გაწევრიანების შემდეგ, ADB-მ საქართველოს დაახლოებით 6 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გაუწია და დღემდე ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს განვითარების პარტნიორად რჩება.
„სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა - ეს საუკეთესო „დაზღვევაა" გარე შოკების წინააღმდეგ“, - განაცხადა კანდამ.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს „შუა დერეფანში“ საქართველოს პოზიციის გაძლიერების პერსპექტივები, რაც ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების განვითარებას გულისხმობს. საუბარი, ასევე, შეეხო ინოვაციურ პროექტებს, მათ შორის ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებულ ობლიგაციებს, რაც ADB-ს ქვეყანაში წამყვან საფინანსო განვითარების ინსტიტუტად აქცევს.
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის თქმით, ორმხრივი თანამშრომლობა გაგრძელდება საქართველოს ეკონომიკური პროგრესისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების მხარდასაჭერად.