თბილისი (GBC) - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობას აკისრებს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე. ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ გაგზავნილ კომენტარში დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად კონსტრუქციული პარტნიორობის სურვილისა, აუცილებელია თბილისმა გადადგას ნაბიჯები, რომლებიც დაადასტურებს მის მზაობას ურთიერთობების გაჯანსაღების მიმართ.
„ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის.
სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობიდან და კეთილდღეობიდან, რასაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს.
ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე.
ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ფორმულასათვის“ გაგზავნილ პასუხში.