თბილისი (GBC) - 2026-2027 წლებში უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიცემა ევროკავშირისთვის პრიორიტეტული საკითხია და თანხები გამოიყოფა მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც მის დამტკიცებას ახლავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 9 მარტს, ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს

ევროკომისიის ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ უკრაინა ევროკავშირისგან 90 მილიარდს მიიღებს, ორბანის ვეტოს მიუხედავად.

„უკრაინას სტაბილური ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი უკრაინის საჭიროებების დასაფინანსებლად. თქვენ ყველამ ნახეთ, თუ რა სირთულეებს წავაწყდით საბოლოო დასტურის მისაღებად“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მან აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ სესხი არ არის დამტკიცებული „მას შემდეგაც კი, რაც 27-ვე ლიდერი შეთანხმდა ამაზე“ (2025 წლის დეკემბრის ევროკავშირის სამიტზე).

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. რადგან სასწორზე დევს ჩვენი ავტორიტეტი და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი უსაფრთხოება“, – ხაზგასმით აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მისი თქმით, უკრაინისთვის თანხების გადაცემა ევროკავშირისთვის „უპირატესი და აბსოლუტურად გასაგები საკითხია“.

„ჩვენ გამოვყოფთ ამ სესხს 90 მილიარდი ევროს ოდენობით“, – დაარწმუნა აუდიტორია ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

როგორც უკრაინული მედია იუწყებოდა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დაბლოკავს უკრაინისთვის განკუთვნილ 90 მილიარდიან ევროპულ სესხს მანამ, სანამ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ ტრანზიტი არ აღდგება. ხოლო ენერგეტიკის მინისტრის თქმით, უნგრეთი სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს, თუ ტრანზიტი 3 დღეში არ განახლდება.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ მიანიშნა, რომ მზად არის უნგრეთის მაგალითს მიჰყვეს და დაბლოკოს ევროკავშირის სესხი უკრაინისთვის, თუ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ არჩევნებს წააგებს.