თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 4Q25-ში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.8%-ით გაიზარდა და ₾70 მლრდ შეადგინა.
ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 4Q25-ში მისი მოცულობა ₾27.2 მილიარდით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.5%-ით მეტია.
4Q25-ში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.4% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.7% - საშუალოზე, ხოლო 17.9% კი - მცირე ბიზნესზე.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 43.6%, საშუალოზე - 24.9%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 31.5%.
4Q25-ში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა ₾35.6 მილიარდი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.2%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა ₾20.2 მილიარდი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტი) შეადგინა.
4Q25-ში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 839.2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.4%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.3% ქალი იყო, ხოლო 56.7% - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.4% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.4% - საშუალოზე, ხოლო 39.2% - მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 782.8 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 6 260.3 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.1%-ით მეტი).
4Q25-ში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 608.4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ₾241.3-ით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 998 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია ₾150.7-ით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირი იყო:
- მსხვილი ბიზნესი – 2 743.7 ლარი
- საშუალო ბიზნესი – 3 084.9 ლარი
- მცირე ბიზნესი – 2 152.2 ლარი
საქსტატის მონაცემებით, 4Q25-ში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 35.9%, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 32.9 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა - 7.3 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 6.4 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.5 პროცენტიანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3.3 პროცენტიანი წილით, ხოლო 9.7% დანარჩენ დარგებზე განაწილდა.
4Q25-ში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა (18.6%), ვაჭრობა (18.5%), მშენებლობა (18.5%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.3%) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.4%) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 26.6 პროცენტიანი წილი ეჭირა.
4Q25-ში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29, 11.1 და 8.9 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა მშენებლობის (8.4%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.4%), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.5%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.5%) დარგის საწარმოებზეც.
დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა:
- თბილისი – 66.5%
- აჭარის ა.რ. – 10.2%
- იმერეთი – 5.9%
- ქვემო ქართლი – 5.1%
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.2%
- კახეთი – 2.6%
- შიდა ქართლი – 2.2%
- მცხეთა-მთიანეთი – 1.7%
- სამცხე-ჯავახეთი – 1.4%
- გურია – 0.9%
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.3%