თბილისი (GBC) - ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE- ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
წინა წლებში პირველ ეტაპზე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სახელმწიფო მხოლოდ რისკჯგუფებს - ხანდაზმულებს, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, ორსულებს - უფინანსებდა და მხოლოდ ამ ეტაპის შემდეგ იხსნებოდა ეს პროცესი ყველა მსურველისთვის.
წელს პირველად, ეს პრაქტიკა შეიცვალა და გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება პირველივე ეტაპზე, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
ამასთან, ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.