თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, წინა წელთან შედარებით, 11.5%-ით (204 ლარით) გაიზარდა და 1 970.8 ლარი შეადგინა.
2024 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 923.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 1.7%-ით)
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 3 677.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 14.4%-ით)
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 823.4 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.6%-ით)
2024 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 591.6 ლარით, ხოლო კაცების - 2 340.7 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 166.2 ლარი (11.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 240.8 ლარი (11.5%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 436 ლარით (20.6%) ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულების საშუალო თვიურ ხელფასთან შედარებით.
2023 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 13%-ით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 10.9%-ით გაიზარდა და შესაბამისად 1 680.5 და 2 116.5 ლარი შეადგინა.
2024 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 197.2 ლარით (10.8%) გაიზარდა და 2 024.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 007.2 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 1.2%-ით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 147.4 ლარი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 11.9%-ით) დარგში ფიქსირდება.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 217.2 ლარით (13.2%) და 1 866.8 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა მთიანეთი.