თბილისი (GBC) - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2025 წლის 1-ლი აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებულია 2.9 ათასი ტონა თხილი, საერთო ღირებულებით 24.7 მილიონი აშშ დოლარი.
უწყების ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება 36%-ით, 6.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში 1 კგ თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 8.46 აშშ დოლარს შეადგენს, რაც 39%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ექსპორტის ძირითადი ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც ყველაზე დიდი მოცულობით - ათასი ტონა თხილი იტალიაში გავიდა. ევროკავშირის ბაზრებიდან ასევე მნიშვნელოვან პარტნიორებად რჩებიან გერმანია (302.1 ტონა), ესპანეთი (197 ტონა) და ჩეხეთი (119.4 ტონა).
„გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ქართული თხილი გაიყიდა სომხეთში (119.7 ტონა), რუსეთში (117.5 ტონა), თურქეთში (111.2 ტონა) და სხვა ბაზრებზე“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.