თბილისი (GBC) - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, სიღრმისეული ანალიზი გაკეთდა და მომზადდა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გეგმა ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. "განსაზღვრული გვაქვს მგზავრთნაკადის, ტვირთბრუნვისა და ტურისტული ნაკადების პროგნოზი 2050 წლამდე", - აღნიშნა ქვრივიშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში რეკორდული მონაცემები დაფიქსირდა და დღეისათვის 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120-ზე მეტი პირდაპირი მიმართულებით ოპერირებს.

"ცალსახად ვხედავთ, რომ თბილისის დღეს არსებული აეროპორტი, მისი ტერიტორიული სიმჭიდროვიდან გამომდინარე, ვერ შეძლებს, გაზრდილ მგზავრთნაკადს გაუმკლავდეს. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი და ფაქტობრივად, ყოველ კვარტალში ერთხელ საქართველოს ავიაბაზარზე ახალი საერთაშორისო ავიაკომპანია შემოგვყავს. ასევე რეკორდულია ტურიზმიდან შემოსავლებიც, რომელმაც 2025 წლის სამ კვარტალში $3,6 მლრდ შეადგინა და რეკორდულია ასევე ტურისტული ნაკადები და დინამიკა. სწორედ ამიტომ, გეგმაზომიერად ვიყურებით მომავალში იმისათვის, რომ თანმიმდევრულად განვავითაროთ უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო ინფრასტუქტურა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოში ცალკეული სექტორების სინქრონული განვითარება.

„სწორედ ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის შესახებ. ახალ აეროპორტს ექნება 2 ახალი მნიშვნელოვანი ფუნქცია - პირველ რიგში, იქნება ტრანზიტულ - ლოგისტიკური ჰაბი და შეიძენს სატრანზიტო ფუნქციასაც. გარდა ამისა, გვინდა განვავითაროთ საჰაერო ტვირთბრუნვა და უზრუნველვყოთ ისეთი დამატებითი სერვისების შექმნა საავიაციო ინფრასტრუქტურის ტერიტორიაზე, რაც ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის ზრდას და ამ ეკოსისტემაში დიდ ეკონომიკურ ღირებულებას შეიტანს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, ვაზიანის აეროპორტი ექსპლუატაციაში 2031 წელს უნდა შევიდეს.

„პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1,250 მლრდ დოლარი იქნება. ვინ იქნება ახალი აეროპორტის ინვესტორი და ოპერატორი, ეს ღია საერთაშორისო ტენდერის საგანია, რომელსაც სახელმწიფო ძალიან გამჭვირვალე პროცედურით ჩაატარებს", - აღნიშნა მან.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მსხვილი პროექტების საერთაშორისო პარტნიორის შერჩევის პროცესში სახელმწიფო მხოლოდ საქართველოს ინტერესებით იხელმძღვანელებს.

„ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, მიდგომა თქვენ ნახეთ EAGLE HILLS-ის კონტრაქტში, იგივეს ნახავთ ანაკლიის პროექტში და აეროპორტის შემთხვევაშიც. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობს. ჩვენ არ ვეძებთ მხოლოდ ინვესტორს, რომელსაც შეუძლია 1,250 მლრდ დოლარის ინვესტიცია მოიძიოს, არამედ შევარჩევთ ისეთ პარტნიორს, რომელიც გამოცდილია აეროპორტის ოპერირებასა და მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის კუთხით, რადგან ჩვენი ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურა დაკავშირებულია საავიაციო სექტორის განვითარებასთან", - აღნიშნა მინისტრმა.

"ქართული ოცნება" თბილისში მეორე საერთაშორისო აეროპორტის აშენებას აპირებს. გეგმით, ახალმა აეროპორტმა ვაზიანში, ყოფილი სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე წელიწადში 19 მლნ მგზავრი უნდა გაატაროს.

EAGLE HILLS-ს რაც შეეხება, „ქართული ოცნებამ“ EAGLE HILLS-თან გაფორმებული „საინვესტიციო ხელშეკრულება“ და „აქციონერთა შეთანხმება“ კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ უძრავი ქონების სექტორში $6.6-მილიარდიანი პროექტის ინვესტორთან დადებული საინვესტიციო პირობების დეტალები საჯარო არ იქნება.