თბილისი (GBC) - ამერიკულმა კვლევითმა ცენტრმა The Heritage Foundation-მა 2026 წლის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულა 0.6-ით გაიზარდა და 69.6 შეადგინა, თუმცა ქვეყანამ მსოფლიო რეიტინგში პოზიცია ვერ გაიუმჯობესა და კვლავ 35-ე ადგილს იკავებს.
მიუხედავად მცირედი ზრდისა, საქართველოს მაჩვენებელი კვლავ ჩამორჩება 2021 წლის ნიშნულს, როდესაც ქვეყანას 76 ქულა ჰქონდა და მსოფლიოს საუკეთესო თორმეტეულში შედიოდა. 2023 წლიდან საქართველო 70-ქულიან ზღვარს ქვემოთ ნარჩუნდება, რაც 2012-2022 წლების პერიოდში დაფიქსირებულ მაღალ მაჩვენებლებთან შედარებით უკუსვლაა.
კომპონენტების მიხედვით, 2026 წლის ანგარიშში ყველაზე მკვეთრი ვარდნა საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით დაფიქსირდა - მაჩვენებელი 9.3 ქულით შემცირდა და 53 ქულა შეადგინა. გაუარესებულია სასამართლო ეფექტიანობისა (-1.5) და საგადასახადო ტვირთის (-1.3) ინდიკატორებიც. პოზიციების გაუარესებას ექსპერტები მმართველობის ხარისხის კლებასა და ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვას უკავშირებენ.
ამის საპირისპიროდ, მნიშვნელოვანი ზრდა ფისკალური ჯანმრთელობის მიმართულებით დაფიქსირდა (+13.2), სადაც ქვეყანამ 89.1 ქულა მიიღო. აღნიშნული გაუმჯობესება მშპ-სთან მიმართებით სახელმწიფო ვალის ფარდობის შემცირებას უკავშირდება.
ინდექსის ძირითადი კრიტერიუმები (2026 წელი):
- ფისკალური ჯანმრთელობა: 89.1 (+13.2)
- საგადასახადო ტვირთი: 87.8 (-1.3)
- ვაჭრობის თავისუფლება: 86.8 (+0.6)
- ბიზნესის თავისუფლება: 76.6 (-1.5)
- ფულადი თავისუფლება: 70.2 (+4.9)
- საკუთრების უფლება: 53.0 (-9.3)
რეგიონულ ჭრილში საქართველო ლიდერობას ინარჩუნებს:
- სომხეთი 67.1 ქულით 52-ე ადგილზეა
- აზერბაიჯანი - 67-ეზე (64.3)
- თურქეთი - 117-ეზე (55.0)
- ხოლო რუსეთი 145-ე პოზიციას იკავებს (50.3)
2026 წლის ინდექსის სათავეში სინგაპური (84.4), შვეიცარია (83.7) და ირლანდია (83.3) იმყოფებიან. რეიტინგის ბოლო ადგილებს ვენესუელა, კუბა და ჩრდილოეთ კორეა (3.1 ქულა) ინაწილებენ.