თბილისი (GBC) - recov.ge-ის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 20.6%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, 10.5%-ით - გარეუბნებში, ხოლო ქალაქის ცენტრში 7.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც recov.ge-ის აზრით, განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ერთბაშად დარეგისტრირდა ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 8.8%-ით გაიზარდა

2025 წლის ივნისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 8.8%-იანი ზრდა ფიქსირდება, ახალი პროექტების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა მოხდა ძირითადად მეორეული ბაზრის ხარჯზე. ძველ პროექტებში, გასული თვეებისგან განსხვავებით, ზრდის ტენდენცია შეინიშნა - 2024 წლის ივნისთან შედარებით მაჩვენებელი 16.6%-ით არის გაზრდილი. ზრდის ეს ტრენდიც განპირობებულია გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლებით.

2025 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,363 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივნისთან შედარებით 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 21.5%-ით, 253 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

recov.ge წერს, რომ ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 21%-ით იყო შემცირებული (შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები).

2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 19,205 ერთეული შეადგინა და წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით 0.6%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 11%-ით, 1.4 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი (შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები).

2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7.8%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრში. ხოლო ფართო ცენტრსა და გარეუბნებში 9.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

recov.ge-ის ინფორმაციით, 2025 წლის ივნისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ივნისთან შედარებით 10.6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 9.8%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 6.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.