თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელმა დირექტორებმა დაასრულეს საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა (მუხლი IV-ის კონსულტაცია). 

IMF-ის შეფასებით, საქართველომ შესანიშნავი ეკონომიკური მაჩვენებლები აჩვენა, მიუხედავად შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა. 2021 წლიდან საშუალო წლიური ზრდა 9%-ს აღემატება, ინფლაცია ორი წლის განმავლობაში მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ყოფნის შემდეგ მიზნის დონეზე დაბრუნდა, ხოლო ვალი 2024 წელს მშპ-ის 36 %-მდე  შემცირდა.

IMF-ის თქმით, 2025-ში  ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 7.2%-მდე შემცირდება და საშუალო ვადაში დაუახლოვდება პოტენციურ 5%-იან დონეს შიდა მოთხოვნის შენელების ფონზე.

IMF-ის რეკომენდაციით, არსებული გლობალური და შიდა გაურკვევლობის ფონზე, პრიორიტეტებია რეზერვების დაგროვება და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება, რათა გაძლიერდეს მდგრადობა შოკების მიმართ და შენარჩუნდეს ძლიერი, ინკლუზიური და დასაქმებაზე ორიენტირებული ზრდა.

IMF-ის აღმასრულებელი დირექტორატის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკამ მაღალი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა.

2021 წლიდან მშპ-ის ზრდა პანდემიის შემდგომი სწრაფი აღდგენით და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სატრანსპორტო სექტორების ზრდით იყო განპირობებული. ამას ხელი შეუწყო იმიგრაციამ, ფინანსურმა ნაკადებმა და ტრანზიტული ვაჭრობის გააქტიურებამ უკრაინის ომის ფონზე.

აღნიშნულმა ტენდენციებმა ხელი შეუწყო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდას, უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირებას. ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდა, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითა და ძლიერი ლარის დახმარებით იყო მიღწეული, ხოლო საჯარო ვალი დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ დონეს.

თუმცა, საფინანსო ინსტიტუტის თქმით, გამოწვევებად რჩება მაღალი სტრუქტურული უმუშევრობა, შემოსავლის უთანასწორობა, ემიგრაცია და არაფორმალური ეკონომიკის მაღალი დონე.

მათივე მოლოდინით, ეკონომიკური აქტივობა სავარაუდოდ ძლიერი დარჩება მოკლევადიან პერსპექტივაში და ეტაპობრივად დაუახლოვდება პოტენციურ დონეს.

სავალუტო რეზერვების ეტაპობრივი ზრდა მოსალოდნელია უცხოური ვალუტის ხელსაყრელ პირობებში შესყიდვებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) აღდგენის პირობებში. 2024 წელს საქართველოს საგარეო პოზიცია მეტ-ნაკლებად შეესაბამებოდა ფუნდამენტური ფაქტორებიდან და მიზნობრივი პოლიტიკიდან გამომდინარე მოსალოდნელ დონეს.

IMF-ის შეფასებით, ეკონომიკურ პროგნოზებთან დაკავშირებული რისკები მეტწილად დაბალანსებულია, თუმცა გლობალური გაურკვევლობა და პოლიტიკური დაძაბულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. უკრაინის ომის დასრულებამ შესაძლოა გარკვეული პოზიტიური ტენდენციების შებრუნება გამოიწვიოს (მაგ. მიგრაცია, ტრანზიტული ვაჭრობა), თუმცა რეგიონალურმა სტაბილურობამ და აღდგენითმა სამუშაოებმა შესაძლოა ეს გავლენა დააბალანსოს.

გლობალური სავაჭრო დაძაბულობის პირდაპირი გავლენა საქართველოსთვის შეზღუდულია, აშშ-ზე ექსპორტის მცირე წილისა და საკვანძო პროდუქციის გამონაკლისების ფონზე. თუმცა, შეიძლება გამოვლინდეს ირიბი ზემოქმედება ინვესტორთა ნდობის შემცირების, სავაჭრო პარტნიორების ზრდის შენელებისა და მიწოდების ჯაჭვის შეფერხების გზით. საქართველომ შესაძლოა ისარგებლოს ნავთობის ფასების ვარდნითა და ვაჭრობის დივერსიფიკაციით.

შიდა საფრთხეებს შორის IMF ასახელებს პოლიტიკურ გაურკვევლობასა და სანქციების პოტენციურ გავლენას, რამაც შეიძლება დააზარალოს პირდაპირი ინვესტიციები, ტურიზმი და შექმნას წნეხი ლარზე. თუმცა, საქართველოს ფისკალური და ფინანსური ბუფერები მნიშვნელოვნად შეამცირებს შოკების გავლენას.