თბილისი (GBC) - „მოსავლის მართვის კომპანია“ კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილ ჭარბ ყურძენს წელსაც შეიძენს, გადაამუშავებს, დაასაწყობებს და შეინახავს. აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის „მოსავლის მართვის კომპანია“ გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. ჯამში კომპანიას მოთხოვნილი აქვს 50 მილიონი ლარი.

„ღონისძიების მიზანი და სახელმწიფო ინტერესი არის მევენახეთა მხარდასაჭერად შესაბამისი ზომების გატარება, რათა ბაზარზე სრულად იქნეს რეალიზებული ყურძნის მოსავალი. შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ვალდებულებას იღებს, დასახული მიზნების მიღწევისათვის ოპერატიულად უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

ღონისძიებების ჩატარებისათვის განკუთვნილი პერიოდი იყოფა ორ ეტაპად. პირველი ეს არის რთველის პროცესი, რაც გულისხმობს კახეთის რეგიონში კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ შესყიდვას, რომელიც გრძელდება თვე-ნახევარი - ორი თვის განმავლობაში და მეორე ეტაპი არის ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული სითხეების ტრანსპორტირების მომსახურების, სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების ქირავნობის და საბანკო მომსახურების პროცესი.

ყურძნის გადამუშავების, მიღებული სითხეების სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების ქირავნობის უზრუნველყოფას „მოსავლის მართვის კომპანია“ ახორციელებს კახეთის 8 რაიონში განაწილებულ 20-25 ქარხანაში“, - ნათქვამია დოკუმენტებში.

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ბიუჯეტი ჯამურად 81 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც უმეტესი ნაწილი სწორედ რთველის სუბსიდიაზე მოდის.