თბილისი (GBC) - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის 2029 წლისთვის დასრულება აბსოლუტურად რეალურია, ხოლო ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან თანამშრომლობის მოდელზე გადაწყვეტილება უახლოეს თვეებში მიიღება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ორშაბათს განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მოლაპარაკებები ამჟამადაც გრძელდება და ახალი პროცესის დაწყება არ იგეგმება. მან აღნიშნა, რომ ვინაიდან პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა პროცესები ხელოვნურად არ დააჩქაროს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება წლის ბოლოს არ გადასცდება.
„მალე, უახლოეს თვეებში უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, თანამშრომლობის გაგრძელების, კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.
კობახიძემ ასევე ისაუბრა უშუალოდ პორტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებზე და დაადასტურა, რომ პროცესში მცირე პაუზა იყო, რაც ხელშეკრულების ფინანსური პირობების გადახედვამ გამოიწვია.
„ძალიან მნიშვნელოვნად შემცირდა ხელშეკრულების პირობები, ფინანსური მხარე. სახელმწიფოს მოუწევს ბევრად ნაკლები ხარჯის გაწევა დაღრმავების სამუშაოებისთვის. ამან წაიღო მცირე დრო, თუმცა შესაბამისი ინტენსივობით გრძელდება სამუშაოები“, - აღნიშნა მან.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პორტის მშენებლობის პარალელურად, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს მიმდებარე საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რათა ყველა დაკავშირებული პროექტი სათანადო ვადებში განხორციელდეს.