თბილისი (GBC) – ევროპაში ახალი სოციალური ქსელები ჩნდება, რომლებიც საკუთარ თავს TikTok-ის, X-ისა და Instagram-ის ალტერნატივად წარმოაჩენენ. ამის შესახებ DW წერს.
ერთ-ერთი ასეთი პროექტია შვედური სოციალური ქსელი W Social. პლატფორმის შემქმნელები აცხადებენ, რომ მთავარ აქცენტს მონაცემთა უსაფრთხოებაზე, მუშაობის გამჭვირვალობასა და ბოტების არარსებობაზე აკეთებენ.
კომპანიის მმართველის ანა ცაიტერის განცხადებით, W Social „ახალი, დამოუკიდებელი და ობიექტური სოციალური ქსელია“, რომელიც ევროპული კანონმდებლობის, ევროპული ინფრასტრუქტურისა და ევროპელი მფლობელების საფუძველზე ფუნქციონირებს.
მისივე თქმით, პროექტის მთავარი მიზანი ევროპაში თავისუფალი კომუნიკაციისა და „დემოკრატიის დაცვისთვის“ ციფრული პლატფორმის შექმნაა.
იდენტიფიკაცია ბოტების წინააღმდეგ
პლატფორმის დეველოპერები აცხადებენ, რომ W Social-ში ბოტები და ფეიკ-ანგარიშები არ იარსებებს. ამისთვის მომხმარებლებს რეგისტრაციისას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით იდენტიფიკაციის გავლა მოუწევთ. შემქმნელების მტკიცებით, შემოწმების დასრულების შემდეგ მონაცემები წაიშლება.
ანა ცაიტერის თქმით, პროექტში ინვესტიციები გერმანიის, შვეიცარიის, იტალიისა და ბელგიის კომპანიებმა და კერძო ინვესტორებმა განახორციელეს.
კიდევ ერთი ევროპული პროექტი – Wedium
ევროპაში პარალელურად კიდევ ერთი სოციალური ქსელი – Wedium ვითარდება, რომელიც ბერლინელმა დეველოპერებმა 2025 წლის ბოლოს წარადგინეს.
W Social და Wedium ერთმანეთისგან ტექნიკური მიდგომით განსხვავდებიან. Wedium დახურული, ცენტრალიზებული სისტემით მუშაობს, ისე, როგორც სილიკონის ველის სოციალური ქსელების უმეტესობა. ხოლო W Social ღია და დეცენტრალიზებული პლატფორმის სახით იქმნება, რაც მომხმარებლებს სხვა ციფრულ სისტემებთან ურთიერთობისა და შეტყობინებების გაცვლის შესაძლებლობას მისცემს.