თბილისი (GBC) – აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კვანტური ტექნოლოგიების განვითარებისთვის 2 მილიარდ დოლარს გამოყოფს. დაფინანსებას ცხრა კომპანია მიიღებს, რომლებიც კვანტური გამოთვლების სფეროში მუშაობენ. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო თითოეულ კომპანიაში მინორიტარულ წილს მიიღებს, თუმცა დეტალები არ საჯაროვდება.

ყველაზე დიდი დაფინანსება – $1 მლრდ – IBM-ს გადაეცემა. კომპანია კვანტური კომპიუტერების განვითარების ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტისა და კვანტური გამოთვლების ერთობლიობამ შესაძლოა სამეცნიერო კვლევები მნიშვნელოვნად დააჩქაროს, რის გამოც ეს მიმართულება ვაშინგტონისთვის პრიორიტეტულია.

კვანტური ტექნოლოგიებისთვის სპეციალიზებული ჩიპების შექმნაზე მუშაობენ სხვა კომპანიებიც. ჩიპების მწარმოებელი GlobalFoundries 375 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო სტარტაპი Diraq – 38 მილიონ დოლარს.

დაფინანსებას ასევე მიიღებენ კომპანიები D-Wave Quantum, Rigetti Computing, Infleqtion, Atom Computing, PsiQuantum და Quantinuum.

სიახლის გავრცელების შემდეგ IBM-ის აქციები წინასაბაზრო ვაჭრობის დროს 6,4%-ით გაიზარდა.