თბილისი (GBC) - კალიფორნიის ფედერალურ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ორშაბათს სულ რამდენიმე საათი დასჭირდა იმისათვის, რომ ერთხმად უარეყო ილონ მასკის პრეტენზიები, რომელთა მიხედვითაც სემ ალტმანმა და OpenAI-მ ის მოატყუეს და კომპანია იმ პირობით დააფინანსებინეს, რომ ორგანიზაცია საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის არაკომერციულ რეჟიმში იმუშავებდა. ამის შესახებ POLITICO იტყობინება

მასკი ChatGPT-ის შემქმნელსა და მის ლიდერებს, მათ შორის გენერალურ დირექტორ ალტმანსა და პრეზიდენტ გრეგ ბროკმანს, ფაქტობრივად „საქველმოქმედო ორგანიზაციის მოპარვაში“ სდებდა ბრალს იმის გამო, რომ მოგვიანებით მათ მასშტაბური კომერციული საწარმო წამოიწყეს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მაღალტექნოლოგიურ ბიზნესად იქცა. ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ მასკის სარჩელები, რომლებიც ეხებოდა უსაფუძვლო გამდიდრებას, საქველმოქმედო ნდობის (ტრასტის) დარღვევას და ამ დარღვევაში Microsoft-ის თანამონაწილეობასა და ხელშეწყობას - ხანდაზმული იყო და კანონით დადგენილი ვადები დარღვეული ჰქონდა.

აშშ-ის საოლქო მოსამართლე ივონ გონსალეს როჯერსმა, რომელიც ორშაბათს პარალელურად უძღვებოდა პროცესს შესაძლო სამართლებრივი დაცვის საშუალებების (სანქციების) შესახებ, ვერდიქტის გამოცხადებისთანავე განაცხადა, რომ მიიღებდა ნაფიცი მსაჯულების სარეკომენდაციო, არასავალდებულო გადაწყვეტილებას.

მასკმა ვერდიქტზე კომენტარი რამდენიმე საათის შემდეგ, თავის სოციალურ პლატფორმა X-ზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არის „საშინელი პრეცედენტი“, რომელიც გამოიტანა „ოკლენდელმა საშინელმა, აქტივისტმა მოსამართლემ, რომელმაც ნაფიცი მსაჯულები უბრალოდ ლეღვის საფარვლად გამოიყენა“. - „მან ახლახან გასცა უფასო ლიცენზია საქველმოქმედო ორგანიზაციების გასაძარცვად, თუკი შეძლებთ, რომ ეს ძარცვა რამდენიმე წლის განმავლობაში საიდუმლოდ შეინახოთ“, - დაწერა მასკმა.

Microsoft-ის სპიკერმა POLITICO-ს განუცხადა, რომ კომპანია მიესალმება გადაწყვეტილებას სარჩელის ხანდაზმულობის გამო უარყოფის შესახებ. „ამ საქმეში ფაქტები და ვადები დიდი ხანია ნათელია“, - განაცხადა სპიკერმა. „ჩვენ ერთგული ვრჩებით OpenAI-სთან ერთობლივი მუშაობისა, რათა განვავითაროთ და გავაფართოოთ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებისა და ორგანიზაციებისთვის მთელ მსოფლიოში“. OpenAI-ს კომენტარის მოთხოვნაზე დაუყოვნებლივ არ უპასუხია.

სამართლებრივი დაცვის საშუალებების (სანქციების) განხილვის ფაზა, რომლის დროსაც როჯერსმა სერიოზული სკეპტიციზმი გამოხატა მასკის მხარის პირველი მოწმის ჩვენების მიმართ, ახლა უკვე აზრს მოკლებულია.

OpenAI-ის წინააღმდეგ არსებული საქმე კომპანიისთვის ეგზისტენციალურად მიიჩნეოდა, რადგან საფრთხეს უქმნიდა ხელოვნური ინტელექტის გიგანტის ძირითად სტრუქტურას და მის უნარს, გადარჩენილიყო ამჟამინდელი ფორმით. მასკი ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას 100 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ოდენობით, ალტმანისა და ბროკმანის გადაყენებას მენეჯერული და დირექტორთა საბჭოს პოზიციებიდან და რესტრუქტურიზაციას, რათა OpenAI-ს კვლავ დაჰბრუნებოდა თავდაპირველი არაკომერციული სტატუსი.

გავრცელებული ინფორმაციით, OpenAI ემზადება პოტენციურად მასშტაბური პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO), რომლის ღირებულებამაც შესაძლოა 1 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწიოს.

POLITICO წერს, რომ მასკი ვერდიქტს, სავარაუდოდ, გაასაჩივრებს.