თბილისი (GBC) – აშშ მიესალმება სომხეთსა და თურქეთს შორის ორმხრივ ვაჭრობაზე არსებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას. ამის შესახებ ერევანში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, ეს ნაბიჯი მიუთითებს ორივე ქვეყნის მზადყოფნაზე, გააფართოონ ეკონომიკური კავშირები და ხელი შეუწყონ სამხრეთ კავკასიაში მდგრად მშვიდობასა და კეთილდღეობას. ვაშინგტონი დადებითად აფასებს სომხეთსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართულ ძალისხმევას, რომელიც რეგიონის ყველა ხალხისთვის სარგებლის მომტანი იქნება.

ერთი დღით ადრე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ანკარამ და ერევანმა დაასრულეს მზადება ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ვაჭრობის დაწყებისთვის.

მისი თქმით, 2022 წლიდან მიმდინარე ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში, 2026 წლის 11 მაისის მდგომარეობით, პირდაპირი ვაჭრობის დაწყებისთვის აუცილებელი მზადება დასრულებულია. ამასთან, გრძელდება საჭირო ტექნიკური სამუშაოები საერთო საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით.