თბილისი (GBC) - რეზიდენტი იურიდიული პირების 32 მილიარდიან პორტფელში სავალუტო სესხები 60%-ს ჯერ კიდევ ვერ ჩამოსცდა. დოლარიზაციის კოეფიციენტი 65.6%-ია.

მ.შ. 58% მსხვილი ბიზნესის დაკრედიტებაში და 68%-ზე მეტი SME-ს (L/m - 58.2%; 68%).  

საცალოში უცხოური ვალუტით დენომინირებული კრედიტების წილი 21%-ს არ აღემატება, თუმცა დოლარიზაციის კოეფიციენტი ბოლო საანგარიშო თვეში გაზრდილია 0.1%პ-ით. მთლიანად ბანკების დაკრედიტება 72.7 მლრდ ლარია (+2.4%m.m; +15%Y.Y).

როგორც სებ-ს აქვს გაცხადებული, სავალუტო დაკრედიტების მორიგმა შეზღუდვამ (1 ივლისიდან ზღვარი ₾1 მლნ-მდე იზრდება) წლის გაცემები $200 მლნ-ით უნდა შეამციროს. წინა აწევა (ზღვარი 09/2025-დან ₾750 000 -მდეა აწეული) $150 მილიონიან, წინის წინები (როცა ზღვარი ჯერ 400 000-მდე და შემდეგ 500 000 -მდე გაიზარდა) კი $180 000 000 და $100 მლნ-ის კლებაზე იყო გათვლილი.

სებ-ში განმარტავენ, რომ უცხოურ  ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის შემსუბუქება (25%-დან 20%-მდე), რაც  საბანკო სექტორს კაპიტალის $250 მლნ-ს გამოუთავისუფლებს, სესხებზე არ ისახება. პოტენციურად დეპოზიტებს გადაეცემა, თუმცა ანაბრების მაღალი გალარების მოცემულობაში ლარიზაციის ტემპის შეფერხების რისკს არ აჩენს.

თანაც სარეზერვო მოთხოვნის 25%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება, წინასაარჩევნოდ გადოლარების შესაკავებლად დროებით ხასიათის იყო და ისედაც ზედმეტად გაუხანგრძლივდა მოქმედების პერიოდი.