თბილისი (GBC) - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის მერიასთან ერთად სტუდენტთა დაფინანსების მოდელის ტრანსფორმაციაზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც მერიის მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები სტიპენდიების დაფინანსებაზე მიიმართება. 

აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში საგრანტო სისტემის გაუქმებასა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის სრული დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლას უკავშირდება.

განათლების მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას განცხადებით, მერიის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 3 მილიონ ლარს შეადგენს, აქამდე სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურს ფარავდა. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უფასო გახდა, აღნიშნული რესურსი, დიდი ალბათობით, სტუდენტთა სტიპენდიების მხარდაჭერას მოხმარდება. ოპტიმალური მოდელის შესამუშავებლად მერია სამინისტროსთან და უნივერსიტეტებთან ერთად აგრძელებს მუშაობას.

პარალელურად, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც სწავლა 2025 წლის 17 დეკემბრამდე დაიწყეს. ახალი ინიციატივის თანახმად, მათ არა მხოლოდ შეუნარჩუნდებათ უკვე მოპოვებული დაფინანსება 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით, არამედ მიეცემათ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც ძველი პირობებით. სამინისტროში განმარტავენ, რომ უმაღლესი განათლების მხარდაჭერისთვის განკუთვნილი ყველა პროგრამა მაქსიმალურად შენარჩუნდება სასტიპენდიო სისტემის გასაძლიერებლად.