თბილისი (GBC) - პარტიამ, "საქართველოსთვის" მმართველი გუნდი „დანაშაულებრივ უმოქმედობაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესს უწყობს ხელს.
პარტიის განმარტებით, ანექსიის პროცესი უკიდურესად საშიშ ფაზაში გადავიდა, რაც მოსკოვის მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი სამართლებრივი ნაბიჯებით დასტურდება.
პარტიის შეშფოთება მოჰყვა რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ ვლადიმერ პუტინის ინიციირებული იმ ფედერალური კანონის რატიფიცირებას, რომელიც რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას“ ითვალისწინებს.
"საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიის რიტორიკა 2008 წლის ომში საქართველოს „დამნაშავედ“ წარმოჩენისა და ბოდიშის მოხდის შესახებ, საეჭვო კავშირშია კრემლის ანექსიურ გეგმებთან.
გარდა ამისა, პარტია ყურადღებას ამახვილებს გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გამო. მათი თქმით, ხელისუფლება ამ საკითხს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ნარატივებით განიხილავს.
პარტია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ მოახდინოს საერთაშორისო პარტნიორების მობილიზაცია და გამოიყენოს ყველა არსებული დიპლომატიური ფორმატი ანექსიის პროცესის შესაჩერებლად.