თბილისი (GBC) - აშშ-ის სენატმა კევინ უორშის კანდიდატურა ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცა, იუწყება CNBC. ის აშშ-ის ცენტრალურ ბანკს უხელმძღვანელებს იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ითხოვს, მიუხედავად ინფლაციის ახალი მონაცემებისა, რომლებიც მონეტარული პოლიტიკის შერბილების არგუმენტებს აბათილებს, აღნიშნავს ტელეარხი.
ფედრეზერვის ხელმძღვანელის არჩევის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული კენჭისყრის შედეგად, 56 წლის უორშმა სენატის მხარდაჭერა მოიპოვა და შეცვლის ჯერომ პაუელს, რომელიც მარეგულირებელს 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი უფლებამოსილების ვადა პარასკევს, 15 მაისს იწურება, წერს CNBC. სენატმა უორშის დამტკიცებას მხარი 54 ხმით დაუჭირა, წინააღმდეგ კი 45 სენატორი წავიდა, რითაც დასრულდა პაუელის მემკვიდრის არჩევასთან დაკავშირებული მრავალთვიანი პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც 2025 წლის ზაფხულში დაიწყო.
ტრამპს არ დაუმალავს, რომ უორშისგან საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ელოდება. მან არაერთხელ გააკრიტიკა პაუელი, რადგან, აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, ის ზედმეტად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. უორში მონაწილეობდა კონკურენციაში, რომელშიც გარკვეულ ეტაპზე თითქმის ათამდე კანდიდატი განიხილებოდა, მათ შორის ფედრეზერვის მმართველთა საბჭოს მოქმედი წევრები - კრისტოფერ უოლერი და მიშელ ბოუმანი.
ამავე დროს, უორშის დამტკიცება დაემთხვა ამ კვირაში გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლებმაც აჩვენა, რომ ინფლაცია კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება ფედრეზერვის 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს, ხოლო საწარმოო ჯაჭვებში ფასების ზეწოლა ბოლო სამ წელზე მეტი პერიოდის მაქსიმუმამდე გაიზარდა, გადმოსცემს ტელეარხი.
12 მაისს აშშ-ის სენატმა ასევე უორში ფედრეზერვის მმართველთა საბჭოს წევრად 14-წლიანი ვადით დაამტკიცა: მის კანდიდატურას მხარი 51 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 45 წავიდა. კენჭისყრა ძირითადად პარტიული ხაზით გაიმართა, თუმცა დემოკრატმა ჯონ ფეტერმანმა უორშის დანიშვნას მხარი დაუჭირა.
2006–2011 წლებში უორში ფედრეზერვის მმართველთა საბჭოს წევრი იყო. საბჭოში შესვლის დროს ის 35 წლის იყო და მარეგულირებლის ხელმძღვანელობის ყველაზე ახალგაზრდა წევრად ითვლებოდა, წერდა Bloomberg. უორში ტრამპს ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში მისი პირველი საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც უწევდა კონსულტაციას. ტრამპი ჯერ კიდევ 2017 წელს განიხილავდა ფედრეზერვის ხელმძღვანელად მის დანიშვნას, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ჯერომ პაუელზე შეაჩერა.