თბილისი (GBC) - უკრაინა და ევროკავშირი €8.35 მლრდ-ს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებაზე შეთანხმდნენ, რომელიც ევროკავშირის 90-მილიარდიანი საკრედიტო პაკეტის ფარგლებში გამოიყოფა. უკრაინული მედიის ცნობით, ევროკომისრის ოფისზე დაყრდნობით, მხარეებმა შესაბამის ურთიერთგაგების მემორანდუმს უკვე გაუკეთეს პარაფირება.

20 მაისს ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმა ევროკავშირის სახელით მოაწერა ხელი მემორანდუმს.

შემდეგ ეტაპზე დოკუმენტის რატიფიცირება უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა მოახდინოს.

ეს გადაწყვეტილება უკრაინას მისცემს შესაძლებლობას, 2026 წელს საბიუჯეტო საჭიროებებისთვის €8,35 მლრდ მიიღოს.

კიდევ €8,35 მლრდ-ს გამოყოფა იგეგმება Ukraine Facility-ის მექანიზმის ფარგლებში. ამჟამად მის რეგლამენტთან დაკავშირებით უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს.

მანამდე უკრაინული მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის 90-მილიარდიანი კრედიტიდან საბიუჯეტო მხარდაჭერის ნაწილის მისაღებად უკრაინამ უნდა გაატაროს მთელი რიგი რეფორმები, რომლებიც კანონის უზენაესობასა და კორუფციასთან ბრძოლას ეხება.

„ევროპრავდას“ წყაროების ინფორმაციით, ამ მოთხოვნების საფუძველი გახდება გეგმის ელემენტები, რომელიც არაოფიციალური სახელწოდებით - „კაჩკა-კოსის 10 პუნქტი“ - არის ცნობილი. ერთ-ერთი პუნქტი ანტიკორუფციული სტრატეგიის მიღებას ითვალისწინებს. საუბარია რეფორმებზე კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში, რომელთა განხორციელებაშიც უკრაინა ამ დროისთვის საკმარის პროგრესს ვერ აჩვენებს.