თბილისი (GBC) - „მიმიყვანეთ ეკლესიაში დროულად“ - მღეროდა ალფრედ დულიტლი მიუზიკლში „ჩემი მშვენიერი ლედი“. თუმცა, დონალდ ტრამპისთვის ქორწილზე დასწრება სულაც არ არის მარტივი საქმე - მაშინაც კი, როდესაც საქმე მისივე შვილის ქორწილს ეხება, წერს The Guardian. 

ხუთშაბათს, 21 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა აღიარა, რომ მან შესაძლოა გამოტოვოს დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწინების ცერემონია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ბაჰამის კუნძულებზე, მოახლოებულ „ხსოვნის დღის“ (Memorial Day) უქმეებზე უნდა გაიმართოს.

„მას ძალიან უნდა, რომ წავიდე, თუმცა ეს იქნება უბრალოდ პატარა, მოკრძალებული კერძო ცერემონია და შევეცდები, მოვახერხო“, - განუცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში შეკრებილ ჟურნალისტებს, აშკარად უენთუზიაზმო ტონით, აღნიშნავს გამოცემა.

აღნიშნულის მიზეზი? გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, კერძოდ კი მის მიერვე წამოწყებული ომი ირანთან. „მე შუაგულ პროცესში ვარ - ვუთხარი კიდეც: "იცი, ეს ჩემთვის არ არის ხელსაყრელი დრო. მე მაქვს საკითხი, რასაც ირანი ჰქვია და სხვა საქმეებიც“.

The Guardian წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ცეცხლოვან კრიზისს ხელი არ შეუშლია ტრამპისთვის, დასწრებოდა UFC–ს ღონისძიებას მაიამიში და PGA ტურის ჩემპიონატს თავის გოლფ-კლუბში დორალში (ფლორიდა), და არც თავად გოლფის რამდენიმე პარტიის თამაშში შეუშლია ხელი.

48 წლის დონალდ ტრამპ უმცროსი პრეზიდენტის უფროსი შვილია. მისი პირველი ქორწილი მოდელ ვანესა ჰეიდონთან 2005 წელს გაიმართა ტრამპის მარა-ლაგოს მამულში, ფლორიდაში და ცერემონიას ტრამპის და, მოსამართლე მერიან ტრამპ ბარი უძღვებოდა. ამ ქორწინებიდან მათ ხუთი შვილი შეეძინათ.

დონალდ უმცროსი 2020 წელს კიმბერლი გილფოილზე დაინიშნა, თუმცა ეს ურთიერთობა 2024 წელს დასრულდა; გილფოილი ახლა აშშ-ის ელჩია საბერძნეთში. დონალდ უმცროსის ამჟამინდელი საცოლე ბეტინა ანდერსონია - 39 წლის მოდელი და მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი, რომელიც პალმ-ბიჩის ცნობილი ბანკირების ოჯახიდანაა.

როგორც წყვილი, ისინი საზოგადოების წინაშე პირველად გასული წლის იანვარში, ტრამპის ინაუგურაციაზე გამოჩნდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, მათ არ ჰქონიათ სურვილი, მიებაძათ რიჩარდ ნიქსონის ქალიშვილის, ტრიჩა ნიქსონის მაგალითისთვის, რომელმაც 1971 წელს თეთრი სახლის ვარდების ბაღში იქორწინა.

რაც შეეხება თავად პრეზიდენტ ტრამპს, როგორც The Guardian წერს, ბოლო კვირების განმავლობაში ის პოლიტიკურ გავლენებს კარგავს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ მისი რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. როდესაც ცოტა ხნის წინ ჰკითხეს, მოტივირებული იყო თუ არა ირანის ომის ეკონომიკური გავლენით რომ შეთანხმებისთვის მიეღწია, მან განაცხადა: „მე არ ვფიქრობ ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობაზე“.

მაგრამ პრეზიდენტსაც კი ესმის, რომ ბაჰამის კუნძულებზე ღამის გათენება და წვეულებაზე გართობა შესაძლოა ცუდად აღიქვას საზოგადოებამ, როდესაც მილიონობით ამერიკელი საწვავისა და საკვების გაზრდილი ფასების გამო ზარალდება.

„ეს არის სიტუაცია, სადაც ვერანაირად ვერ მოვიგებ“, - დაფიქრდა ტრამპი. „თუ დავესწრები, ამისთვის გამანადგურებენ. თუ არ დავესწრები, ამისთვისაც გამანადგურებენ - რა თქმა უნდა, "ფეიკნიუსებს" ვგულისხმობ. მაგრამ არა, მას ჰყავს ძალიან… ადამიანი, ვისაც დიდი ხანია ვიცნობ და იმედია, შესანიშნავი ქორწინება ექნებათ“.

არადა, თუ ვინმე ამას ითვლის, ტრამპი ძალიან აქტიურად იყო ჩართული თავისი ქალიშვილის, ივანკას ქორწილში ჯარედ კუშნერთან, რომელიც ტრამპის ეროვნულ გოლფ-კლუბში ბედმინსტერში (ნიუ-ჯერსი) 2009 წელს შედგა. „ივანკასა და ჯარედის ქორწილი საოცარი იყო, ისინი ულამაზესი წყვილია“, - წერდა ის მაშინდელ Twitter-ზე. – „ძალიან ამაყი მამა ვარ“.