თბილისი (GBC) - საფრანგეთში, საცხოვრებელი ხარჯების მკვეთრი ზრდისა და ახალგაზრდა თაობის ჩვევების ცვლილების ფონზე, ისტორიაში პირველად, ლუდის მოხმარებამ ღვინისას გადაასწრო. გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, რომელიც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებს ეყრდნობა, წერს, რომ გასულ წელს ქვეყანაში ღვინის მოხმარება ბოლო 70 წლის მინიმუმამდე შემცირდა, მაშინ როცა შედარებით იაფ ალტერნატივაზე - ლუდზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალი აღმოჩნდა.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) თანახმად, გასულ წელს ფრანგებმა 22 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო დალიეს, რაც ოდნავ ჩამოუვარდება საფრანგეთის ლუდის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ დაფიქსირებულ 22,1 მილიონ ჰექტოლიტრ ლუდს.
ეს მაჩვენებელი ღვინის მოხმარების ბოლო 70 წლის მინიმუმს ასახავს, რაც 2024 წელთან შედარებით 3.2%-ით არის შემცირებული. კვლევის ავტორების თქმით, ეს არის გრძელვადიანი კლებადი ტენდენცია, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულს ითვლის.
მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს საფრანგეთი კვლავ დარჩა ღვინის უმსხვილეს მომხმარებლად ევროპაში, მისი მაჩვენებლები ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 7.2%-ით ნაკლები იყო.
ექსპერტების განცხადებით, ეს ზოგადი ტენდენცია განპირობებულია ღვინის მომწიფებულ ბაზრებზე არსებული რთული ეკონომიკური პირობებისა და თაობებს შორის ქცევის ცვლილების ერთობლიობით. OIV-ის თანახმად, საერთო მოხმარებამ ბოლო 60-ზე მეტი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, ამასთანავე, აშშ-ის ტარიფებმა გლობალურ ღვინის ვაჭრობაზე წნეხი გაზარდა.
„ის, რასაც 2025 წლის მონაცემებში ვხედავთ, არის სექტორი, რომელიც რეაგირებს აშშ-ის სატარიფო პოლიტიკის რეალურ დროში არსებულ გავლენაზე, თუმცა ასევე ადაპტირდება კლიმატისა და მოხმარების კუთხით მიმდინარე გრძელვადიან ცვლილებებთან“, - განაცხადა OIV-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯონ ბარკერმა.
ამავდროულად, საფრანგეთის ლუდის მწარმოებელთა ასოციაციის (Brasseurs de France) თანახმად, საფრანგეთში შედარებით იაფ ლუდზე მოთხოვნა სტაბილური დარჩა და ღვინის მოხმარების მაჩვენებელს ოდნავ გადაასწრო. გასულ წელს უალკოჰოლო ლუდის მოხმარებაც 12%-ით გაიზარდა - მხოლოდ გასული წლის ივლისსა და აგვისტოში 600 000 ლიტრი იქნა მოხმარებული.
ანალიტიკოსების აზრით, ეს ცვლილებები შესაძლოა ნაწილობრივ განპირობებული იყოს იმით, თუ როგორ იკრიბებიან ადამიანები სადილობისას და ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული სხვა რიტუალების დროს. სოციოლოგმა ჟოან კორტინასმა France Télévisions-ს განუცხადა: „საზოგადოება უფრო მეტად მომსახურების სფეროზე ორიენტირებული (ტექნოკრატიული) გახდა. ხშირად ადამიანები შუადღისას ნორმალურად აღარც კი სადილობენ“.
ბარკერის თქმით, OIV-ს ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიო პროგნოზი ირანის ომის შესაძლო გავლენის შესახებ ღვინის სექტორზე, თუმცა მოელიან გარკვეულ ეფექტს მომხმარებელთა განწყობასა და გადაზიდვებზე. მისივე თქმით, სექტორი ადაპტაციისთვის მეტ აქცენტს აკეთებს ღვინის ტურიზმსა და მდგრად განვითარებაზე, პარალელურად კი დაბალალკოჰოლურ პროდუქტებს ავითარებს.
როგორც OIV ადრე იტყობინებოდა, 2025 წელს იტალია ღვინის მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი იყო 47.3 მილიონი ჰექტოლიტრით, რითაც მან მცირედით გაუსწრო საფრანგეთს (35.9 მილიონი ჰექტოლიტრი) და ესპანეთს (29.4 მილიონი ჰექტოლიტრი).