თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტი თბილისის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე განახლებას აქვეყნებს და წერს, რომ 2025 წლის ივნისში მეორად ბაზარზე გაყიდვებმა ზრდა განაგრძო და წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, ხოლო გაყიდვები პირველად ბაზარზე, მაისში დაფიქსირებული ზრდის შემდეგ, თვიურად შემცირდა. ბაზრებს შორის სხვაობის მიზეზად საინვესტიციო კომპანია შესაძლო ფასთა სხვაობას ასახელებს, რადგან მყიდველები ფასის მიმართ სავარაუდოდ უფრო მგრძნობიარე გახდნენ. 

მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების მოცულობა ივნისში გაიზარდა, თუმცა, 2025 წლის პირველი ნახევრის ჯამური მაჩვენებელი წლიურად მცირე შემცირებას აჩვენებს.

ამასთან, ფასები გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე მაისში დაფიქსირებული კლების შემდეგ.

მოთხოვნა

2025 წლის ივნისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 266 შეადგინა, აქედან: 

  • მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 17.1%-ით გაიზარდა, თუმცა ჯამურად 2025 წლის 6 თვეში გაყიდვების მაჩვენებელი წლიურად 2.6%-ითაა შემცირებული.
  • პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 2.9%-ით გაიზარდა, ხოლო ჯამურად 2025 წლის 6 თვეში წლიურად 6.1%-ით არის გაზრდილი.

გალტ & თაგარტის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) მიხედვით, 2025 წლის ივნისში გაყიდვები პირველად ბაზარზე წლიურად 12.9%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად გასული წლის ივნისის დაბალი ბაზითაა გამოწვეული. თუმცა, გაყიდვები თვიურად მაისში დაფიქსირებული ზრდის შემდეგ კვლავ შემცირდა.

ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში, გაყიდვები წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3.6%-ით გაიზარდა. 2025 წლის პირველ ნახევარში, თბილისში სულ 19,131 (1.6% წ/წ) ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ $1.5 მლრდ შეადგინა (+5.6% წ/წ).

მიწოდება

2025 წლის ივნისში ნებართვა გაიცა 10 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 92,244 მ²-ს შეადგენდა (+25.2% წ/წ გასული წლის დაბალი ბაზის ეფექტის გამო). ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 0.4%-ით შემცირდა.

ფასები

2025 წლის ივნისში, მაისში დაფიქსირებული კლების შემდეგ, პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 0.5%-ით გაიზარდა და 1,338 აშშ დოლარს მიაღწია. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 0.2%-ით გაიზარდა და 1,256 აშშ დოლარი შეადგინა.

ქირა

2025 წლის ივნისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ²) ქირის ფასი თვეში, 1.2%-ით გაიზარდა და კვადრატულზე 9.4 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.9%-ით ჩამორჩება გასული წლის ივნისის ფასს.